მარიხუანის კულტივაცია

ჩუგოშვილი მარიხუანის კულტივაციაზე: ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა

parliament.ge

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საზოგადოების რეაქციისგან გამომდინარე, კანაფის სამედიცინო მიზნისთვის კულტივაციის საკითხის გადადება ლოგიკური იქნება. 

"კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ჩანს კანონპროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები მოსაზრებები და დისკუსია არსებობს. ბევრად უფრო დიდი დისკუსია გამოიწვია კანონპროექტის მეორე ნაწილმა, რომელიც შეეხებოდა ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს. ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა",- ამბობს ჩუგოშვილი.

მისი თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი აქვს საზოგადოების ნეგატიურ რეაქციას, თუმცა საპატრიარქოს დიდ გავლენასაც აღნიშნავს. 

"გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, იმიტომ რომ მე მგონი საერთო პოზიცია იყო ჩამოყალიბებული, ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს ასე ვთქვათ, თუმცა, რა თქმა უნდა საპატრიარქოს აზრს ძალიან დიდი გავლენა აქვს",- ამბობს ის. 

15 სექტემბერს საპატრიარქოში სასულიერო პირები პატრიარქს შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ, მღვდელმსახურებმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო პარაკლისი აღავლინეს და მთავრობას კონსტიტუციის შეცვლისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკაში ცვლილებათან დაკავშირებით პატრიარქის თანამოსაყდრემ, ასევე მეუფეებმა იაკობმა, იობმა და ანტონმა განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებული არიან და რომ მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, კანაფის ექსპორტი საქართველოს მილიარდი ლარს მოუტანს. გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ მარიხუანას ექსპორტის ზნეობრივ საკითხებთან მიბმა უზნეობაა.

"ამ საკითხის [მარიხუანას ექსპორტის] მიბმა მორალთან და ზნეობასთან, მე პირადად უზნეობად მიმაჩნია,"- ამბობს მინისტრი. 

კომენტარები