არჩევნები 2018

ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას რამდენიმე დღეში გეგმავს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას რამდენიმე დღეში გეგმავს.

ამის შესახებ მან დღეს გამართული ბრიფინგის დასრულებისას აღნიშნა. ჟურნალისტებმა მას რამდენიმე საკითხზე, მათ შორის "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საქმეზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტმა კი თქვა, რომ იგი რამდენიმე დღეში გასცემს კითხვებზე პასუხს. "მე რამდენიმე დღეში დავბრუნდები და მოგცემთ ინტერვიუს" - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

გუშინ, რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა ისაუბრა, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. ოქუაშვილის თქმით, აღნიშნული მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილი იხსენებს, რომ ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი, როდესაც ივანიშვილმა აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილისგან შეიტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა.

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

კომენტარები