ნობელის პრემია 2018

2018 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში სამმა მეცნიერმა ცილების კვლევაში მიიღო

2018 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში სამმა მეცნიერმა მიიღო, მათი ნაშრომები, ევოლუციის პრინციპების გამოყენებით ფერმენტების (ცილები, რომლებიც ორგანიზმში ქიმიურ რეაქციებს აჩქარებს) და ანტისხეულების (ცილა, რომელსაც იმუნური სისტემა მიკროორგანიზმებთან საბრძოლველად იყენებს) ლაბორატორიაში სინთეზს შეეხება. 

ცილების ბუნებრივი გადარჩევა სიცოცხლის წარმოშობასთან ერთად დაიწყო. გენები მუტაციებს განიცდიან, შედეგად ყალიბდება ახალი ცილები, რომელთა გადარჩევაც აუმჯობესებს ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციის უნარს. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები აჯვარებდნენ სასურველი თვისებების მქონე ცხოველებს და მცენარეებს და ქმნიდით ახალ ცილებს და ფერმენტებს ისე, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდნენ. 

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ფრენსის არნოლდმა გამოიწვია გენეტიკური მუტაციები ფერმენტებში, შემდეგ დააკვირდა ამ მუტაციების ეფექტებს და გადაარჩია ის მუტაციები, რომლებიც სასარგებლო იყო - მაგალითად, რომელიც აძლევდა ფერმენტს ისეთ გარემოში მოქმედების უნარს, რომელშიც სხვა შემთხვევაში არ მოქმედებდა. მისი მეთოდი ბიოსაწვავის წარმოებაში და ფარმაკოლოგიაში გამოყენება.

ჯილდოს მეორე ნაწილი ჯორჯ სმითს და სერ გრეგორი უინთერს გადაეცათ, მათი ნაშრომი ბაქტერიოფაგების მეშვეობით ანტისხეულების სინთეზს შეეხება. ბაქტერიოფაგი ვირუსია, რომელსაც ბაქტერიის ინფიცირება შეუძლია. გენური ინჟინერიის მეშვეობით სმითმა შეცვალა ბაქტერიოფაგი ისე, რომ მის გარეგან კაფსულაზე ახალი ცილა წარმოიქმნებოდა. უინთერმა ეს ტექნოლოგია ახალი წამლების შემუშავებაში გამოიყენა, რომელმაც გარდაქმნა მედიცინა და საფუძველი დაუდო ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ახალ მეთოდს. პირველი წამალს, რომელიც ამ მეთოდით მიიღეს ადალუმუმაბი ეწოდება და 2002 წლიდან გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის, ნაწლავის ანთებითი დაავადების, კიბოს ზოგიერთი ფორმის და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში.

კომენტარები