ზაზა სარალიძის დაკავება

მეზვრიშვილი სარალიძეზე: პოლიცია აქამდე უბრალოდ იდგა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა სამართალდამცველებს, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, "პოლიცია თვალს ხუჭავდა ამაზე". მისი თქმით, თავდასხმის ფაქტზე, "პოლიცია იძულებული გახდა", სარალიძე დაეკავებინა.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, რუსთაველის გამზირზე. ფაქტობრივად ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ბატონი ზაზა სარალიძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხერხებს მიმართავდა. თუმცა, გვესმოდა ადამიანურად, მისი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ იდგა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. ვგულისხმობ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს. თუმცა, უკვე დღეს, სამწუხაროდ პოლიცია, იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, რადგან ეს უკვე იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, აშკარა თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიება - დაკავება გამოყენებულიყო. ზაზა სარალიძე არის ს.ს.კ.-ს 353-ე პრიმა მუხლით დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ". შსს აცხადებს, რომ "ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა".

კომენტარები