პენსიის ზრდა

ჭიაბერაშვილი: მოვუწოდებთ მთავრობას თქვას სიმართლე, როგორ აპირებს პენსიის ინდექსაციას

parliament.ge

დღეს ევროპული საქართველოს ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართა. ჭიაბერაშვილმა პენსიის ზრდასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა - "ვროპული საქართველო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე უთხრას ხალხს სიმართლე, თუ როგორ და რა ფორმულით აპირებს მთავრობა პენსიის ინდექსაციას." - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"პენსიის ზრდის მიბმა ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციაზე, როგორც ამას ქართული ოცნება აპირებს, ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა უმნიშვნელოდ, 8-12 ლარით მოხდება ხოლმე. ეს კი ვერ დააკომპენსირებს იმ ზარალს, რაც პენსიონერებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მიაყენა ლარის კურსის მერყეობით, ფასების ზრდით და ცხოვრების გაძვირებით", - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ქართული ოცნება არ აპირებს, ხალხს გაუმხილოს, რა მორიგი
მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული - "ევროპული საქართველო საზოგადოებას ახსენებს, რომ  ქართულმა ოცნებამ არაფერი თქვა საწვავზე - ბენზინსა და დიზელზე - აქციზის გაზრდის შესახებ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ არჩევნების შემდეგ გაზარდა აქციზის გადასახადი და ცხოვრება გაუძვირა ასიათასობით მოქალაქეს."

"პენსიონერები გაცილებით მეტს ელიან მთავრობისაგან, ვიდრე წლიურად 8-12-ლარიანი ზრდა შეიძლება იყოს. ამასთან, გაუმართლებელია პენსიის ინდექსაცია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში პენსიის ინდექსაციის საკითხი არც დადგებოდა. ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელ პირობებშიც კი, როცა ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია, ბიუჯეტში დღესაც არის საკმარისი რესურსი, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს", - ნათქვამია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები