ხორავას ქუჩის საქმე

ხორავას ქუჩის საქმე - საპროცესო შეთანხმებით, მერაბ მორჩაძეს პირობითი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და პირობითი სასჯელი - ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა. მას თავდაპირველად მოწმის მოსყიდვასა და ზემოქმედებას ედავებოდნენ. ახლა კი, მხოლოდ მოწმის დაყოლიებისთვის გამოუტანეს განაჩენი. 

"მერაბ მორჩაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 372 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“ - აცხადებს პროკურორი მირიან მეგრელიშვილი.

მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურის ინფორმაციით, მორჩაძემ მოწმე მიხეილ კალანდიას სასურველი ჩვენების სანაცვლოდ ფული გადასცა, რათა კალანდიას ჩვენება შეეცვალა და ბრალდებული გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ არ ეცნოთ. 

კომენტარები