წიგნების მაღაზია

მაღაზიამ გაყიდა წიგნი, რომელიც თაროზე 27 წლის განმავლობაში იდო

www.sevenoaksbookshop.co.uk

წიგნების მაღაზიამ იმ წიგნის გაყიდვა მოახერხა, რომელიც თაროზე 27 წლის განმავლობაში იდო. ამით, მან მერსისაიდში ათასობით მკითხველი გაახარა.

წიგნის მაღაზიის თანამშრომელმა, ჯოანა ბალმა ტვიტერზე დაწერა, რომ მან ის წიგნი გაყიდა, რომელიც 1991 წლის მაისიდან იყიდებოდა.

“ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა” -  დაწერა ჯოანამ პიტკინის გამომცემლობის უილიამ დამპყრობლის საბავშვო ბიოგრაფიაზე. ეს ტვიტი 150,000-ჯერ გაზიარდა.

თანამშრომელმა The Guardians-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მყიდველი მამაკაცია, რომელიც თავისი შვილიშვილისთვის ნორმანთა დაპყრობების შესახებ ისტორიულ წიგნებს ეძებდა.

“ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ეს წიგნი გაიყიდებოდა. თითოეულ წიგნს ინდივიდუალურად ვარჩევთ. ხშირად წიგნები, რომელიც 9-დან 12 თვის განმავლობაში არ იყიდება, გამომცემელს უბრუნდება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს დიდხანს ვტოვებთ. ხანდახან ამას ვაკეთებთ, რადგან ჩვენ მოგვწონს ეს წიგნები ან, როდესაც ასეთი სათაურის წიგნები იშვიათია. ჩვენ ვიცით, რომ ერთ დღეს ვიღაცას ზუსტად ასეთი სათაურის წიგნი დასჭირდება, თუმცა დიდხანს გვიწევს ლოდინი.“ - განაცხადა ჯოანა ბალმა.

ამ ისტორიით მოხიბლულმა სხვა წიგნების მაღაზიებმაც გაუზიარეს მკითხველს მსგავსი ისტორიები. ტამსინ როზველის წიგნის მაღაზიამ თქვა, რომ დევიდ ბრაუნის წიგნი ჩრჩილებზე  10 წლის განმავლობაში იყო საწყობში.

“მე საკმაოდ დავსევდიანდი, როდესაც წიგნი გაიყიდა” - განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ.

ამ ამბავს ჰადერსფილდის საბავშვო წიგნების მაღაზიაც გამოეხმაურა - “ჩვენ ვცეკვავთ, როდესაც ამგვარი წიგნები იყიდება." სან-ფრანცისკოს ერთ-ერთმა წიგნის მაღაზიამ კი დაწერა - “როდესაც ეს ხდება, ჩვენ ვეუბნებით მყიდველს, რომ წიგნი მათ დიდი ხნის განმავლობაში ელოდა”.

კომენტარები