"ომის ყვირილი" - ლიტერატურის მუზეუმში მხატვარ ია მჭედლიშვილის ნახატები გამოიფინა, რომლებიც 1-ლ მსოფლიო ომს ეხება.
მხატვარმა გამოფენა საბჭოთა წარსულის ლაბორატორიასთან ერთად წარმოადგინა. როგორც თავად გვითხრა, ნახატების ამ თემის შესახებ შექმნის იდეაც სოვლაბის მკვლევარებთან, ისტორიკოსებთან საუბრის შემდეგ გაჩნდა.
"ამ თემაზე მუშაობა თავიდან რამდენიმე ნამუშევრით დავიწყე, რომელშიც ყვირილის თემას შევეხე. მუშაობის პროცესში თემამ უფრო სპეციფიკური, ღრმა და დრამატული ფორმა მიიღო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ დამერქმია "ომის ყვირილი".
პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან" ერთად. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ გამოფენა მიეძღვნებოდა პირველი მსოფლიო ომის 100 წლის თავს. იქამდე მქონდა შექმნილი რამდენიმე ნამუშევარი, სერიით "ყვირილი", ეს სერია გავაგრძელე ამ თემით. ამან ნელ-ნელა სერიოზული, დრამატული სახე მიიღო. ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა არა ომის სპციფიური დეტალები, არამედ ახლოს მივსულიყავი ემოციასთან, გადმომეცა ომის ექსპრესია და ხმაური.
მუშაობის პროცესში ბევრს ვკითხულობდი, ვესაუბრებოდი ისტორიკოსებს, ვუყურებდი, ვმუშაობდი, ეს არ იყო მხოლოდ ხატვა", - გვითხრა ია მჭედლიშვილმა.
მსურველებს გამოფენის ნახვა ლიტერატურის მუზეუმში 21 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.