ნარკოდანაშაული

შსს: ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელების ახალი სქემა გამოვავლინეთ, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია "ტელეგრამის" მესენჯერში შექმნეს ჯგუფები - ე.წ. "drug-shop"-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა "მატანგაზე" - ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. ასევე, დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული - მ.ს. აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი  ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი 
ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო" და ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ", რომლებიც განკუთვნილი იყო "ტელეგრამში" არსებული ჯგუფების - ე.წ. 
"drug-shop"-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორი პირი აღნიშნული "drug-shop"-ების  ე.წ. "დამდებია". გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ 
გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ, რაშიც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო 
შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 
კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" პუნქტით და მე-5 ნაწილით 
მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები