ოკუპირებული აფხაზეთი

მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს 

სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესი გაიმართა. ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი პირის ნათესავებმა სამეგრელოდან ე.წ. საზღვარზე გადასვლა ვერ მოახერხეს და ამიტომ ოჯახის წევრებმა კუბო მავთულხლართებთან მიიტანეს.

სამგლოვიარო პროცესიის შესახებ რეპორტაჟი და ვიდეო მასალა რადიო ათინათმ გუშინ გაავრცელა. ფოტო და ვიდეო კადრები ხიდის ერთი ბოლოდან, ორსანტიაშია გადაღებული.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები მედიასთან ყვებიან, მიცვალებულის მსგავსი ფორმით დატირების ეს პირველი შემთხვევა არაა. 

"ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, იქ ვერ ვტირით ვერავის, ვერ მივდივართ, მეკუთვნის რომ დავიტირო, ჩემი ნათესავია. ამის გარდა დეიდაშვილი მომიკვდა და ვერ დავიტირე და რამდენი კიდევ. იქ გაზრდილი ვარ მაგრამ ვერ მივდივართ. მოვიყარეთ აქ თავი, რათა შორიდან მაინც გავუწიოთ თანაგრძნობა ჭირისუფალს",- ამბობს გარდაცვლილის ნათესავი, ფერიდე ქვარაია. 


ფოტო: რადიო ათინათი

ორსანტიასთან შეკრებილები ასევე ამბობენ, რომ ნათესავების ნაწილმა ოტობაიაში გადასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხა. 

"გარდაცვლილის და გადავიდა, 200 ლარი გადაიხადა, ახლა ამბობენ, რომ აქეთაც ითხოვენ 200 ლარსო. ჩვენ ამ თანხას ვერ გადავიხდიდით. ფულით თუ შეიძლება გადასვლა, ისე გაეშვათ ასეთ დროს ადამიანები არ ვართ?",- ამბობს ელისო ფარულავა რადიოსთან ინტერვიუში. 

დღეს, რადიო ათინათმა ხიდთან შემდგარი სამგლოვიარო პროცესიის ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ მოასვენა ოჯახმა ხიდთან მიცვალებული, რათა ენგურს გამოღმა, ხიდის მეორე მხარეს შეკრებილ ნათესავებს მისი დატირების შესაძლებლობა ჰქონოდათ.


ფოტო: რადიო ათინათი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი.

კომენტარები