ოკუპირებული აფხაზეთი

ლევან მებონიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას ქართული კომპანია აწვდის

ენგურის ჯვრის წყალსაცავი
Georgian Travel Guide

შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ მედია Абхазский Портал-თან საუბარში თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას ქართული კერძო კომპანია აწვდის.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 8 აპრილს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მათ უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, რომელ კომპანიაზე საუბრობს მებონია.

აქამდე ენგურჰესმა მუშაობა სადგურის სადერივაციო გვირაბში კედლის დაზიანების გამო შეაჩერა. მებონია აფხაზურ მედიას ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრებოდა. მან თქვა, რომ სადგურის თანამშრომლები სამ ცვლად მუშაობენ და ამუშავება 15 აპრილისთვის იგეგმება.

მებონიამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ "ცოტაც მოიცადონ" და ელექტრომომარაგება აღდგება. ამჟამად მათ ელექტროენერგია ყოველ დღე 6 საათით ეთიშებათ.

მებონიას თქმით, ელექტროენერგია, რომელიც ახლა ოკუპირებულ რეგიონს მიეწოდება 6-7-ჯერ ძვირია, ვიდრე ენგურჰესის ენერგია. მისივე თქმით, მუშაობის აღდგენის შემდეგ, ელექტრომომარაგების პრობლემები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ არა იგივე სიხშირით.

მებონიას თქმით, თუ ოკუპირებულ აფხაზეთში ვინმე ფიქრობს, რომ ენგურჰესის სადგურის მუშაობა განზრახ შეაჩერეს, ცდებიან.

"სიტუაცია მარტივი არაა. ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში მთელ ელექტროენერგიას აფხაზეთი იღებდა. მე საერთოდ არ მაქვს ფინანსური შემოსავალი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სპეციალურად შევაჩერეთ სადგური, ძალიან ცდება. ჩემი ინტერესია, რომ სადგურმა იმუშაოს, რათა მივიღოთ ფული, გადავიხადოთ გადასახადები, დავფაროთ ექსპლუატაციის ხარჯები". – თქვა მებონიამ.

მებონიამ აღნიშნა, რომ ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია რუსეთიდან არ შედის. ეს საქართველოს ელექტროსისტემის მონაცემებშიც ჩანს.

18 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გამოაცხადა, რომ რუსეთიდან უფასო ელექტრომომარაგება – "სოციალური ნაკადი" შეწყდა. 2023 წლის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტულმა რეჟიმმა რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 900 მილიონი რუბლი გამოყო.

 

კომენტარები