ეკა ბესელია TBC ბანკის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ემხრობა

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ეკა ბესელია თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა. ბესელია ამბობს, რომ პარლამენტი საქმის სიღრმეებში უნდა შევიდეს და ამ მასზე ზედამხედველობა იკისროს. 

"სიმართლეა-გაირკვევა, ტყუილია გაირკვევა. ეს სწორი მიდგომაა. არ ვიყოყმანებდი და მხარს დავუჭერდი ამას. ასეთი ღია კითხვები არ უნდა დავტოვოთ"- ამბობს ეკა ბესელია ტვ.პირველის ეთერში. 

ბესელიას თქმით, ეს კომისია შეიძლება არა საგამოძიებო, არამედ დროებითი იყოს, თუმცა საკითხი "რაღაც კომისიამ" უნდა შეისწავლოს. 

"მე არ ვიხუმრებდი ამ თემაზე. ჩემი კოლეგები, დღეს ვინც კომენტარებს და განცხადებებს აკეთებდნენ და ზოგიერთი მესიჯებსაც ვერ სცდება, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ხოლმე ამ მესიჯს, ცდილობენ, გააუბრალოონ. ერთმა ფარატინა ფურცელმა შეიძლება ყველაფერი ამოაყირავოს ამ ქვეყანაში. გააჩნია, ფურცელს რა ისტორია აქვს. მე არ ვამტკიცებ არც ერთს და არც მეორეს. მე არ ვამბობს, რომ ის არის უტყუარი ან ფარატინა, თუმცა სასაცილო ნამდვილად არ არის. არც სახუმარო არ არის. ამას ცოტა მეტი სერიოზულობა სჭირდება. მნიშვნელობა აქვს, ვინ ლაპარაკობს, რა ვითარებაში, მთლიან სურათს უნდა შეხედო და არამგონია საქირქილო იყოს, ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი ამ საკითხს. ერთია, რომ გამოძიებამ მეტი სერიოზულობა უნდა აჩვენოს და არ უნდა იყოს მხარე. ნებისმიერ შემთხვევაში საკითხს სჭირდება გარკვევა",- ამბობს დეპუტატი. 

მისივე თქმით, თუ დადასტურდა რომ ხაზარაძის ბრალდებები სიმართლეა, ეს უმძიმესი იქნება ხელისუფლებისთვის. 

ცნობისთვის, თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში ევროპულმა საქართველომ მოითხოვა.

6 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ დაკითხვაზე წარდგენილი წერილი, სადაც ადრესატისგან ითხოვენ, რომ "TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე", მამუკა ხაზარაძემ თქვას, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი". წერილში მითითებულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და ამას გააკეთებენ საჯაროს, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის. მამუკა ხაზარაძის თქმით, სწორედ ეს წერილი გაუგზავნა მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან აღნიშნა, რომ დაკითხვაზე დოკუმენტის ასლი წარმოადგინა და დედანი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

კომენტარები