TBC ბანკის საქმე

ევროპული საქართველო TBC ბანკის საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

საპარლამენტო უმცირესობა ევროპული საქართველო TBC ბანკის საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს. 

ამის შესახებ დეპუტატმა ოთარ კახიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, უსმენენ. 

"როდესაც გვაქვს რეალობა, რომ არაფორმალური მმართველი, დღევანდელი პარტიის თავჯმდომარე არის, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში, რომელმაც ასევე ინტერვიუში თქვენ, ასე ვთქვათ, ბრალი დაგდოთ უმადურობაში, როდესაც იგი საუბრობდა ვანო ჩხარტიშვილსა და თქვენ შორის არსებული სასამრთლო დავის ირგვლივ.

ამ ყველაფრის კონტექსტში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია მიიღოს, თქვენ ვის უკავშირებთ, ვინ დგას ამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და სახელისუფლო რგოლის უკან, ამავე დროს გთხოვთ რომ გვითხრათ იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც თქვენთან წერილებს აგზავნიდა შანტაჟის ენით, რაც აღნიშნეთ. ასევე რომ გვითხრათ, თუ შეიძლება, იმ ოფისის მისამართი, რომელიც თქვენ დაადგინეთ, რომელიც იყო თქვენზე განხორციელებული ჰაკერული შეტევის იარაღი და აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ "ევროპული საქართველო" მზად არის, რომ ყველა პროცედურების დაცვით მოითხოვოს შესაბამისი სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც დეტლურად შეისწავლის თქვენთან დაკავშირებულ საკითხს,"- თქვა ოთარ კახიძემ. 

მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ 2018 წლის ივნისიდან TBC ბანკში 4 უწყების ერთდროულად შესვლას "საეჭვოდ დაემთხვა" ბანკზე მომხდარი კიბერთავდასხმა

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულებულიყო. 

თავდაპირველად TBC ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

26 თებერვალს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც იყვნენ მიწვეულები. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა. 

რომან კაკულიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო.  ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თვის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, თუმცა ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები