განათლების შესახებ კანონი

ჯაში: კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებისთვის კომიტეტს მხარი არ დაუჭერია და არც დაუჭერს

მარიამ ჯაში
პარლამენტი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, ინფორმაცია, რომ ზოგადი განათლების კანონიდან სიტყვა "ლიბერალის" ამოღებას მხარი დაუჭრეს, არასწორია. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯაშმა ასევე თქვა, რომ კომიტეტი ამას მხარს არც მომავალში დაუჭერს, გუშინდელ, 1-ლი მარტის სხდომაზე კი მათ მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას პრინციპების დონეზე, რომ კანონი მაქსიმალურად დაუახლოვდეს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას. 

"კომიტეტს არ დაუჭერია და არ დაუჭერს მხარს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას. 

გუშინ კომიტეტი იხილავდა ინიციატივას, რომლის მთავარი პრინციპული მიზანი გახლდათ ზოგადი განათლების კანონის მე-3 მუხლის დაახლოება ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის 29-ე მუხლთან. 

თავად პრინციპების დონეზე, რომ ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო დონეზე ფართოდ რატიფიცირებულ დოკუმენტს, იყო მისასალმებელი. პრინციპების დონეზე ჩვენ დავუჭირეთ მხარი CRC-ის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას და არა კონკრეტულად რომელიმე ჩანაწერის ამოღებას ან ჩანაცვლებას. 

არა მხოლოდ პირადად ჩემი პოზიცია გახლდათ, რომ უნდა მოხდეს აღნიშნული ჩანაწერის მუხლობრივი განხილვის დროს გადახედვა და ვეწინააღმდეგებოდი აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას, არამედ განათლების სამინისტროს მხრიდან იყო წარმოდგენილი უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში. იგივე კრიტიკა იყო გაჟღერებული სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან და შესაბამისად, ჩვენი შეთანხმება კომიტეტზე გახლდათ, რომ პრინციპების დონეზე ვუჭერთ მხარს ზოგადი განათლების კანონის მესამე მუხლის კიდევ უფრო დაახლოებას ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან, რომელიც თავად გახლავთ ბავშვის და ზოგადად ადამიანის უფლებათა და ძირითადი ფუნდამენტური თავისუფლებების ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი და მეორე - მუხლობრივი განხილვისთვის, საკანონმდებლო პროცესის შესაბამისად, უკვე მოხდება თითოეული მუხლის და ქვეპუნქტის კონკრეტიზაცია. 

კომიტეტს არ დაუჭერია მხარი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებების ამოღებისთვის ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოქმედი რედაქციიდან და არც დაუჭერს ამ წინადადებას მხარს" - თქვა მარიამ ჯაშმა პლენარულ სესიაზე. 

1-ელ აპრილს მარიამ ჯაში ამ საკითხზე საუბრისას ასე კატეგორიული არ ყოფილა. ტაბულასთან მან თქვა, რომ ნუკრი ქანთარიას და გენადი მარგველაშვილის კანონპროექტთან, რომლის მიხედვითაც ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღება ხდებოდა, შენიშვნები ჰქონდათ განათლების სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველის აპარატს. 

ამიტომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა პრინციპს, რომ კანონი მოვიდეს უფრო შესაბამისობაში ბავშვთა უფლებების კონვენციასთან, ხოლო კონკრეტულ ფორმულირებაზე კანონის ავტორები სამინისტროსთან, ომბუდსმენთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან განიხილავენ. 

"ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით საბოლოო ფორმულირება იქნება მეორე მოსმენით შეთანხმებული", - თქვა მარიამ ჯაშმა 1-ლ აპრილს. 

2019 წლის 20 თებერვალს პარლამენტში ნუკრი ქანთარიას და გენადი მარგველაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. 

კანონის ამჟამინდელი ჩანაწერი ასეთია: 

საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლებამოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

კანონპროექტის მიხედვით კი ასეთი: 

"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება". 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მოქმედ კანონში არსებული ჩანაწერი არ შეესაბამება ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას.

კომენტარები