გამოსაშვები გამოცდების გაუქმება

ჯაში: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს

პარლამენტი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონის საბოლოო კენჭისყრა 16 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ ჯაშმა facebook-ის გვერდზე დაწერა. 

"გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის",- წერს ჯაში. 

მისივე თქმით, ის ძალიან წუხს, რომ პარლამენტში ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება. 

"აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების რეაქცია და პირადად მეც მთლიანად ვიზიარებ ამ შეცდომის უაღრესად კრიტიკულ შეფასებას. აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი - 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა. პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ 1 დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე - 16 აპრილს",- დაწერა მან.

5 აპრილის კენჭისყრაზე ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ცვლილებები სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა. ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო 63 ხმა.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი კვლავ ღილაკების არევა გახდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რა კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს. მან სთხოვა ირაკლი კობახიძეს, საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა დაეყენებინათ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, "სამწუხაროდ, არ გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა". პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა რომ ხმაური არ არის არგუმენტი.

კომენტარები