სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ოკუპაციაზე: ჩვენ გვჭირდება პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ესწრებოდა, სხვა მომხსენებლებთან ერთად სიტყვით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა. 

ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა სწორედ საქართველოს ევროპის საბჭოში გაერთიანებაზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ ეს იყო პირველი, მთავარი კარი ევროპისკენ. ამავე გამოსვლაში პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირზეც ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოთა სისტემა ფეხქვეშ თელავდა იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომლებზეც ქართული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში იდგა. 

"ევროპის საბჭოს წევრობა გახდა უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის, რომელსაც მოპოვებული დამოუკიდებლობა უნდა განემტკიცებინა, დემოკრატიის შეუფერხებელი განვითარებით, იმ ღირებულებების დაცვით, რომელსაც ფეხქვეშ თელავდა საბჭოთა სისტემა. საბჭოთა სისტემა ფეხქვეშ თელავდა იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომლებზეც საუკუნეებია ჩვენი იდენტობა იდგა და დგას. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმოწერით ჩვენ დავადასტურეთ ამ ღირებულებების ერთგულება და ამით დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ გარემოს,"- თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა ასევე ყოფილი პრემიერმინისტრისთვის, ზურაბ ჟვანიასთვის, გახსნილი ვარსკვლავიც გაიხსენა და თქვა, რომ მისი ცნობილი სიტყვები: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი" დღესაც აქტუალურია და ეს სიტყვები ქვეყნისთვის მთავარი ორიენტირი უნდა იყოს. 

"ევროპული სახელმწიფო დგას დემოკრატიულ კონსტიტუციაზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლის უზენაესობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, თანასწორობაზე. ამ პრინციპების სრულად გაზიარება არის ერთადერთი სწორი გზა, ჩვენ მიერ არჩეული გზა. ახალ კონსტიტუციაში, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ ჩანს ჩვენი მიზანმიმართული სწრაფვა დემოკრატიის განვითარებისკენ. ამ კონსტიტუციაში ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავწერეთ მთელი რიგი ახალი უფლებები, სოციალური, ეკონომიკური, თუ გარემოს დაცვითი უფლებები და ამით სამომავლო პროგრესის გზა დავსახეთ. ამ უფლებების კონსტიტუციის დონეზე აყვანა გამოხატავს ჩვენი ხალხის ნებას გადაიდგას ძლიერი ნაბიჯები დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ისიც ვიცით, რომ ამ უფლებების კონსტიტუციაში ასახვიდან მათ პრაქტიკაში გამოყენებამდე დიდი გზაა და ჩვენგან სულ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტიტუციაში გამოხატულია მთელი საზოგადოების დამოკიდებულება. ეს ხალხისა და ხელისუფლების ერთიანი პოზიციაა,"- თქვა ზურაბიშვილმა. 

გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციასაც შეეხო და საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა. 

"ჩვენი ქვეყნისთვის უმთავარესი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების ფუნდამენტური დარღვევის ფაქტები, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა სიცოცხლის უფლებას და ამის უკანასკნელი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება. ეს ეხება სახელმწიფო ენას და ვიტყოდი, ორივე სახელმწიფო ენას. ეს ეხება გადაადგილებას და გადაადგილების უფლებას, აზრის გამოხატვის უფლებას, ეს ეხება რელიგიური ძეგლების დაცვას. ასეთ ფაქტებს სისტემატური ხასიათი აქვს. ახლა, აღდგომის დღეებში ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რომ ისინი ვერ მიდიან ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, რომელშიც ის ყურადღებას ამახვილებს ე.წ რუხ ზონებში მონიტორინგის აუცილებლობაზე. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ, ახლავე დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით ყველა დაცული ნორმების ფარგლებში. ასევე საგანგაშოა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ადამიანების გატაცების სისტემატური შემთხვევები. ჩვენ გვჭირდება პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რათა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები აღიკვეთოს,"- თქვა ზურაბიშვილმა. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის​, ლილიან მორი პასკიეს თქმით, ევროსაბჭო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გასწია და უამრავი დაბრკოლება გადალახა.

კომენტარები