ვენესუელა

ნიკოლას მადუროს ვენესუელაში ეროვნული ასამბლეის ვადამდელი არჩევნების დანიშნვა სურს

ხუან გუაიდო / ნიკოლას მადურო
AFP

ნიკოლას მადუროს ვენესუელაში ეროვნული ასამბლეის ვადამდელი არჩევნების დანიშნვა სურს. ასამბლეას მადუროს რეჟიმის ოპოზიციის ლიდერი და ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ხელმძღვანელობს. არჩევნები 2020 წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს, თუმცა მადურომ კარაკასში მხარდამჭერებთან საუბრისას თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სურს. მას კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.

"მოდით ჩავატაროთ ეროვნული ასამბლეის არჩევნები და გვქონდეს პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზა არჩევნების გზით."

მას შემდეგ, რაც სოციალისტურმა პარტიამ 2016 წელს ასამბლეაზე კონტროლი დაკარგა, მადუროს რეჟიმმა მას უფლებები შეუკვეცა. მან ასევე შექმნა მისი მომხრეებისაგან შემდგარი ეროვნული დამფუძნებელი ასამბლეა, რომელსაც 2 წელი უნდა ემუშავა, თუმცა მადურომ მას ფუნქციონირების ვადა 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ გასული წლის მაისში ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ხუან გუაიდომ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და როგორც ეროვნული ასამბლეის ლიდერი ქვეყნის გარდამავალი პრეზიდენტი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე, რასაც მადურო კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები