სადელიმიტაციო კომისია

ბახტაძე დავით გარეჯზე: საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ამ პროცესს იქნება გადაწყვეტილი იმ სულისკვეთების ფარგლებში, რასაც ჰქვია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა," - პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით საუბრობს. ბახტაძის თქმით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბაქოში კომისიებს შორის შეხვედრა გაიმართება.

"მოგეხსენებათ, კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შექიმნებოდა ახალი კომისიები და დაიწყებდნენ მუშაობას. ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, თითოეულ ნიუანსს ჭირდება ყურადღების მიპყრობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კომისიის მუშაობის შედეგებზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ამ პროცესს იქნება გადაწყვეტილი იმ სულისკვეთების ფარგლებში, რასაც ჰქვია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა,"  - ამბობს პრემიერი. 

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. თუმცა, არსებობდა მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტებოდა. 

სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა სადელიმიტაციო კომისია განახლებული შემადგენლობით. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

კომენტარები