ბახტაძე: გულწრფელი პროტესტი პროვოკაციისთვის გამოიყენეს, პარლამენტში შეჭრას არ დავუშვებდით

ტაბულა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი გულწრფელია, თუმცა მისივე თქმით, ეს გულწრფელი პროტესტი პროვოკაციისთვის გამოიყენეს. 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა 24 ივნისს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მას, ისევე, როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, არაფერი უთქვამს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ, რომლის გადადგომასაც რუსთაველზე ათასობით ადამიანი 4 დღის განმავლობაში ითხოვს. 

"რა თქმა უნდა, ეს იყო გულწრფელი გამოხატულება პროტესტის, ჩვენი მოქალაქეების და მე განვაცხადე, რომ მთელი ჩვენი გუნდი და პირადად მე ვარ სოლიდარული ამ პროტესტში, რაც საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სრულიად მიუღებელი. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენ, რომ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა პროვოკაციისთვის და ჩვენ ვიხილეთ ყველამ ერთად, როგორ მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე, როგორ ცდილობდნენ ამავდროულად, რომ მომხდარიყო შეჭრა საქართველოს პარლამენტში და ამას არავინ დაუშვებდა,"- ამბობს ბახტაძე.

პრემიერმინისტრისვე თქმით, 21 ივნისის ღამით რუსთაველზე მშვიდობიანი მოქალაქეების რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით დარბევა სამართლებრივი განსჯის საკითხია, ხოლო პოლიტიკურ შეფასებაში პარტია ერთმნიშვნელოვანია.

"ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართლებრივი შეფასება ისევე, როგორც სამართლებრივი შეფასება აუცილებლად მიეცემა იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ძალის გადამეტებას ადგილი და ბუნებრივია, იცით, რომ ამ საკითხზე შესაბამისი საქმეც მიმდინარეობს და ეს საქმეები წარიმართება აუცილებლად გამჭვირვალედ ისე, რომ ნებისმიერი კითხვის ნიშანი მოიხსნას. ეს არის სამართლებრივი შეფასება. პოლიტიკური შეფასება გაკეთებულია და ბუნებრივია ჩვენ ვართ ძალიან ერთმნიშვნელოვანი ჩვენს განცხადებებში, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამას კანონი გააკეთებ,"- ამბობს მამუკა ბახტაძე. 

20 ივნისს, რუსი დეპუტატების სტუმრობის გამო, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გამიართა, რომელიც რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, 21 და 22 ივნისს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნებით.

4-დღიანი დუმილის შემდეგ 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც საზოგადოებას აქციის 3 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთის - 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაპირდა. ივანიშვილისვე თქმით, არჩევნები 0%-იანი ბარიერით გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები ბარიერის გაუქმებას არ ითხოვდნენ. 

კომენტარები