ხაზარაძე: ბანკის აქციონერებმა დღეს $130 მილიონით იზარალეს

"დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა TBC ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ-თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს," - წერს TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე ისევ ტოვებენ თანამდებობებს.

ხაზარაძის თქმით, ის და ჯაფარიძე თანამდობებზე იქამდე არ დაბრუნდებიან, "სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი":

"იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას," - ნათქვამია TBC-ის დამფუძნებლის განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

TBC-მ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე 98,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი იზარალა, რაც ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით, 350 მილიონია. სავაჭრო დღის გახსნიდან, პროკურატურის განცხადებამდე კომპანიის აქციებზე ფასი იზრდებოდა. ინფორმაციის გავრცელებიდან სავაჭრო დღის დახურვამდე, კომპანიის აქციებზე ფასი 12,7 პროცენტით შემცირდა. 15,06 სტერლინგიდან 13,14 სტერლინგამდე. კომპანიამ ჯამური კაპიტალიზაციის 11,9 პროცენტი დაკარგა.

კომენტარები