სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი გუგუტიანთკარზე: როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას, გაგაფრთხილებთ

ლაშა ბერულავა

განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთავი 2-ის კითხვას, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენეზე. მისი თქმით, იცის, რომ ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამ თემაზე მუშაობს. 

"ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს. მე ვიყავი გასულ კვირას, ვიცი ყველაფერი, რაც ხდება და ვაპირებთ, რომ სერიოზულად მუშაობს ჯერ ერთი მთავრობა და მეც ვარ ჩართული",- ამბობს ზურაბიშვილი. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადად, ორი ოჯახის, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე ქვეყნის არცერთი პირველი პირი ადგილზე არ ჩასულა. 

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კი გონიოში ისვენებდა და ის ადგილზე გუშინ ჩავიდა. 

კომენტარები