იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის წინ, რომელზეც საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ხუთი ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები. მონეტები რაგბის თემატიკითაა გაფორმებული.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტები დღეს, 28 აგვისტოს წარადგინა. წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები, რაგბის კავშირის, ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საკოლექციო მონეტები საჩუქრად გადაეცათ ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტან მამუკა გორგოძეს, მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, ნაკრების ამჟამინდელ კაპიტან მერაბ შარიქაძესა და რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გოჩა სვანიძეს.
მონეტების დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით.