აუდიტის სამსახური

აუდიტი: აჭარის გზების დეპარტამენტმა თანხა დახარჯა, თუმცა სამუშაოს შესრულება არ დასტურდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის გზების დეპარტამენტმა დახარჯა ბიუჯეტის თანხა, თუმცა არ დასტურდება შესაბამისი სამუშაოების შესრულება, არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მოცულობა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უწყებამ 1.012.935 ლარი მანამდე გადაუხადა, სანამ სამუშაოები შესაბამისი აქტებით იქნებოდა დადასტურებული. ამასთან, არ შეაფასა 4.403.199 ლარის სამუშაოების ხარისხი და 1.471.979 ლარის ღირებულების სამუშაოების მოცულობები.

ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. უწყებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების დოკუმენტები შეისწავლა.

გამოვლენილ დარღვევებს შორის არის ქობულეთში, ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საკითხიც, სადაც ერთხელ გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება კვლავ იგივე კომპანიას გაუფორმა.

აუდიტმა აღმოაჩინა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებაში ნაჩვენები მოცულობები არ შეესაბამება ფაქტობრივად ჩატარებულ სამუშაოებს და გამოვლენილია მნიშვნელოვანი დანაკლისი, "რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს".

კერძოდ, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გზების დეპარტამენტში არ წარუდგენია ბეტონის მოცულობის, არმატურის სახეობის და რაოდენობის, ასევე სხვა სამუშაოების მოცულობების რაოდენობრივი სიზუსტისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიუხედავად ამისა, რომ ხელშეკრულებით ეს ვალდებულება ჰქონდა. გზების დეპარტამენტმა კომპანიას მაინც გადაუხადა 631.360 ლარი.

გარდა ამისა, იმავე საგზაო მონაკვეთზე დეპარტამენტმა 2018 წელს კვლავ ჩაატარა სამუშაოები. ტენდერში იგივე კომპანიამ (შპს "სამკუთხედი") გაიმარჯვა და საპროექტო დოკუმენტაციაც, წინა შემთხვევის მსგავსად, შპს "გზაპროექტმა" მოამზადა. შპს "სამკუთხედმა" ბიუჯეტიდან ამჯერად 1.938.795 ლარი მიიღო.

"იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელსაც გზის იმავე მონაკვეთის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია შპს "გზაპროექტის" მიერ, ხოლო გზის მოწყობის სამუშაოები შესრულებულია შპს "სამკუთხედის" მიერ, წარმოშობს წინა პროექტის ხარვეზების დაფარვის მაღალ რისკს", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა გზის ეს მონაკვეთი დაათვალიერეს და ხარვეზები აღმოაჩინეს. კერძოდ, დაზიანებული იყო გზის სავალი ნაწილი და გაბიონები. ამის შემდეგ, უწყებამ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება დაიწყო, რის შემდეგაც გამოვლინდა, რომ დოკუმენტებში მითითებული სამუშაოები და მოცულობები არ ემთხვევა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და მოცულობებს, სამუშაოები შესრულებულია სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით, რიგი სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მინიმალური ზღვრულ კოეფიციენტებს

"ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გადახდილია 1.938.795 ლარი, თუმცა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა და დანაკლისი, ჯამში შეადგენს 888.231 ლარს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტის მიერ 2018 წელს ვერ აიზომა 353.324 ლარის ღირებულების სამუშაოები და 2016 წელს ხარისხის შესწავლისა და დადასტურების გარეშე გადახდილია 631.360 ლარი, მაღალია რისკი იმისა, რომ სამუშაოები აქაც არასრულად იყოს განხორციელებული და შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა გაცილებით მეტი იყოს, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს. ამასთანავე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ფარავს ბიუჯეტიდან ჯამში გახარჯული 2.570.155 ლარით მისაღებ სიკეთეს", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

დოკუმენტში მითითებულია აჭარის გზების დეპარტამენტში გამოვლენილი სხვა ხარვეზებიც. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ დეპარტამენტი დაქირავებულ კომპანიას ჯარიმას არ აკისრებდა, დაუსაბუთებლად აგრძელებდა მასთან თანამშრომლობას, რის შედეგად ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო, მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

გარდა ამისა, დასკვნაში წერია, რომ იყო შემთხვევები, როცა აჭარის გზების დეპარტამენტმა ტენდერში არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად გამოავლინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.

"აღნიშნული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში წერია ისიც, რომ აჭარის გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, კომპანიას გადაუხადა ავანსი. ამასთან, არაობიექტური ფაქტორებით გაზარდა სამუშაოს შესრულების ვადა, "რაც კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვისა და საჯარიმო სანქციის თავის არიდების რისკებზე მიუთითებს, რის შედეგად, სამუშაოები 2017 წელს ვერ დასრულდა".

გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როცა უწყებამ მიიღო ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის გამოც სამუშაოები დადგენილ დროში ვერ დასრულდა, თუმცა ხარვეზით შედგენილი პროექტებისათვის კომპანიას არ დააკისრა პირგასამტეხლო.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე წერია, რომ აჭარის გზების დეპარტამენტმა დაიქირავა ტრანსპორტი, თუმცა მისი იდენტიფიცირება ვერ ხდება. იმ ტრანსპორტს, რომელიც მომწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებაში აქვს მითითებული, მომსახურება არ განუხორციელებია.

"ეს წარმოშობს მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი 378,328 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის რისკს", - აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.

უწყების ანგარიშში მითითებულია ისიც, რომ აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წიაღისეულის მოპოვება და ხარჯვა კანონმდებლობის შესაბამისად.

"ამასთანავე, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისათვის ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) ფაქტობრივად მოპოვების ან/და ტრანსპორტირებაზე გაწეული საწვავის ფაქტობრივი ხარჯვის რეალობა რისკის შემცველია", - აღნიშნავს აუდიტი.

ცნობისთვის, აჭარის საგზაო დეპარტამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა. დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და სამელიორაციო სისტემები. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაცია; გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაცია და სხვ. დეპარტამენტი მოიცავს ექვს სტრუქტურულ ერთეულს, დასაქმებულია 465 ფიზიკური პირი და ბალანსზე ერიცხება 3.771 კმ სიგრძის საავტომობილო გზა.

კომენტარები