საქართველოს მთავრობა

მთავრობამ 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

წულუკიანის თქმით, ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოში 69 წევრია, რომელშიც შედიან სამინისტროები, სასამართლო ხელისუფლება, პარლამენტი, მუნიციპალიტეტები, მარეგულირებელი ორგანოები, კერძო სექტორი, ბიზნესომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

"ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის ჩვენი ქვეყნისთვის რიგით მე-5 და ფარავს 2021 წლამდე პერიოდს. ეს ნიშნავს, რომ 16 პრიორიტეტი და მიმართულება, რაც ამ სტრატეგიაში არის გაწერილი შესაბამისი ინდიკატორებით გაზომვადი იქნება სწორედ 2020 წლის ბოლოს. მოცემულ დოკუმენტებს გავლილი აქვს ევროკავშირის ექსპერტიზა. მანამდე ამ დოკუმენტებს ასეთი ექსპერტიზა არ ჰქონია გავლილი, წელს ეს ხდებოდა პირველად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის დასკვნის თანახმად, ეს დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ სწორედ გავლენის შეფასება თითოეული ჩვენი უწყების საქმიანობისა, იქნება 2020 წლის ბოლოს შესაძლებელი"- ამბობს წულუკიანი. 

მისივე თქმით, კორუფციას არა მხოლოდ საჯარო სექტორში სჭირდება პრევენცია და აღმოფხვრა, არამედ ბიზნესში და "რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებში".

"მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები ამ სტრატეგიაში, როგორიც არის საჯარო ინფორმაცია, საჯარო სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, საბაჟო და საგადასახადო სისტემა, სამართალდამცველებთან ერთად, რა თქმა უნდა. მეორე ხელისუფლებაში, მართლმსაჯულებაში გამჭვირვალობისა და შეფასების კრიტირიუმები, მაგრამ მნიშვნელოვანია ისეთი დარგები, როგორებიც არის სპორტი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ხაზს განსაკუთრებით გავუსვამდი კერძო სექტორსა და პოლიტიკურ კორუფციას, რადგან ეს არის ის ორი მიმართულება, რომელიც ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, რომ კორუფცია არა მხოლოდ საჯარო სექტორში საჭიროებს პრევენციას და აღმოფხვრას, ასევე ბიზნესში კორუფცია არის ხოლმე მწვავე გამოწვევა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური კორუფცია, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებში, მათი დაფინანსების გამჭვირვალობა და დაფინანსების წესი"- ამბობს თეა წულუკიანი.

კომენტარები