დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პარლამენტის ახალ სპიკერად ლინდსი ჰოილი აირჩიეს [Video]

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ახალ სპიკერად ლინდსი ჰოილი აირჩიეს. ის ჯონ ბერკოუს ჩაანაცვლებს. პარლამენტმა ახალი სპიკერი არჩევნების წინ დაშლამდე 2 დღით ადრე აირჩია.

"თემთა პალატა შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება უკეთესობისაკენ." თქვა ჰოილმა და პირობა დადო, რომ მიუკერძოებელი იქნება, გააძლიერებს პარლამენტის უსაფრთხოების ზომებს, რათა კანონდებლებმა თავი უფრო უსაფრთხოდ იგრნონ და საუბრის საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ვეტერან კანონმდებლებს, არამედ ყველას.

ჰოილი ვეტერანი ლეიბორისტი კანონმდებელია. ის ბოლო 9 წლის განმავლობაში სპიკერის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

ტრადიციის დაცვით ის სპიკერის სკამამდე ძალით მიიყვანეს. ტრადიცია სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც სპიკერი პარლამენტსა და მონარქს შორის შიკრიკის ფუნქციას ასრულებდა. ამის გამო, ხშირად ისინი საკუთარ თავზე იწვნევდნენ მონარქის მხრიდან მესიჯით უკმაყოფილებას. 1394-1535 წლებში 7 სპიკერს მოკვეთეს თავი. ამის გამო პოსტი კანონმდებლებს შორის არასასურველად მიიჩნეოდა.

ბერკოუ სპიკერის პოსტს 10 წლის განმავლობაში იკავებდა. აქედან უკანასკნელი სამი წელი პარლამენტი ბრექსითის საკითხს განიხილავდა და ბერკოუს ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ.

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.

პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები