შრომითი მიგრაცია

ხუნდაძე: მსოფლიოში მიღებულია, როცა ზოგიერთი მოქალაქე საზღვრებს გარეთ ეძებს სამუშაოს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, მიგრაციასთან დაკავშირებით "საკმაოდ ხშირია სპეკულაციები". ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ხუნდაძემ თქვა, რომ "აუცილებელია, შრომითი მიგრაცია იყოს ლეგალური, კონტროლირებადიც და კანონმდებლობის დონეზეც გამყარებული". მისივე შეფასებით, შრომითი მიგრაციაა არ არის ნეგატიურად წარმოსაჩენი. საქართველოს პარლამენტის ცნობით, დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ "მსოფლიოში მიღებულია, როცა ზოგიერთი მოქალაქე გადის საზღვრებს გარეთ და იქ ეძებს სამუშაოს". მისივე აზრით, მიგრაციული სურათი დღეს არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ვიდრე ეს იყო აქამდე.

"ამიტომ შეეშვით სპეკულაციას, თუ თქვენ გაწუხებთ ქვეყნის ბედი, ვისაც ეს ეხება, იმათ გასაგონად ვამბობ, სწორად, ობიექტურად წარმოაჩინეთ სურათი, და არ ეძებოთ მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი, ქვეყანა და მისი მომავალი სწორად დაიგეგმება მაშინ, როცა რეალობას გაუსწორებთ თვალს და არა იმის ძიებას, ვინ როგორ შემოაღწიოს პარლამენტში და როგორ წარმოაჩინოს შენება - ნგრევად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველების უცხოეთში ლეგალურად დასაქმების ინიციატივით გამოდის. მან TV იმედის ეთერში თქვა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ორი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები დასჭირდება. ივანიშვილის აზრით, "რეალობიდან უნდა გამოვიდეთ" და "არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ ჩვენ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ყველას დავასაქმებთ, დავაბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს". 

კომენტარები