აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ცნობით, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის მიერ გაცემული სახელფასო დანამატები 163 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.
გაზრდილი სახელფასო დანამატები ყველაზე მეტად საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა იგრძნეს. შსს-ის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის, სუს-ის და პროკურატურის თანამშრომლობზე წელს სულ 85 მილიონი ლარის პრემია/დანამატი გაიცა.
ეს თანხა, წელს საქართველოს საჯარო უწყებებში ჯამურად გაცემული პრემია/დანამატების ზუსტად ნახევარს შეადგენს. წარმოგიდგენთ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ჩამოთვლილ უწყებებში გაცემული პრემია/დანამატების ჩამონათვალს:
- შსს [შინაგან საქმეთა სამინისტრო] — 64,3 მილიონი ლარი;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუსი] — 12,4 მილიონი ლარი;
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური [სდსს] — 5,6 მილიონი ლარი;
- პროკურატურა — 2,5 მილიონი ლარი.
ჯერჯერობით უცნობია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაცემული პრემია/დანამატების რაოდენობა. სხვა უწყებებიდან პრემიებისა და დანამატების შედარებით მაღალი რაოდენობით გამოირჩეოდა საერთო სასამართლოების უწყება - 7,9 მილიონი ლარით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო - 3,1 მილიონი ლარით.
თუ წინა წლის პირველ ცხრა თვეში დანამატების წილი მთლიან შრომის ანაზღაურებაში 14% იყო, წელს იგივე მაჩვენებელი 15%-ია. გაზრდილია შრომის ანაზღაურების ჯამური რაოდენობაც, 1 მილიარდი ლარიდან 1,1 მილიარდ ლარამდე.