საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო

ლელო: მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს

მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო ჯარზე გაკეთებული განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ჯარისკაცებს ბოდიში მოუხადოს.

ლელო განცხადებას ანტისახელმწიფოებრივსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელს უწოდებს და თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს მოუწოდებს, ზურაბიშვილის კომენტარებზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ქმედება "პირდაპირ ინტერესებშია ოკუპანტი ქვეყნის ხედვებთან და საქართველოს თავდაცვის ძალების დემორალიზაცია-დემოტივაციის მცდელობაა".

"პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მყოფ, ათასობით პატრიოტ ჯარისკაცს, ვეტერანებს, საერთაშორისო მისიებში და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის  დაღუპულ გმირებს, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ. ასევე საერთაშორისო მისიებში მყოფ შენაერთებს, რომელთა გმირულ მსახურებაზე დგას ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოტენციალი",-წერია განცხადებაში.  

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება",-თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე

კონსტიტუციით პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

კომენტარები