ევროპული საქართველო

უგულავა ოცნების ახალ იდეაზე: მოდელირებული პოლიტიკური ცხოვრების სიმაღლეები ისევ გვაკვირვებს

ტაბულა

"ჩვენ გვაკვირვებენ კვლავ ეს სიმაღლეები მოდელირებული პოლიტიკური ცხოვრების" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების ახალ ინიციატივას, რომელიც დღეს დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გააჟღერა.

ქართულ ოცნებას სურს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ჩატარდება 2024 წლამდე (იქნება ეს 2020 წლის არჩევნები, თუ რიგგარეშე) შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს.

უგულავა ამ ინიციატივას ოცნებას უწოდებს, რადგან მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების ხმების საკმარისი რაოდენობა აღარ აქვს. 

"მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ მოდელირებული ქრონიკის მერე რამე თუ გამაკვირვებდა, ეს არის მოდელირებული ამბოხი მონა ბერაიასი, ხუნდაძის, ლურსმანაშვილის და ა.შ." - ამბობს უგულავა. 

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა მდინარაძემ თქვა, რომ თუკი 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროება დადგება, ის არსებული შერეული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. 

მდინარაძე ამბობს, რომ ამ მხრივ მათ ე.წ "ამბოხებულ" და შემდეგ დაწინაურებულ მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რადგან თუკი ამას არ დათანხმდებოდნენ, მაჟორიტარები თავიანთ ინიციატივას წარადგენენ, რომელიც 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებას გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რომელიც ქართულ ოცნებას არ აქვს. სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობით ხსნიდნენ მმართველი გუნდის ლიდერები დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას. 

კომენტარები