ევროპული საქართველო

ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის გუნდების შინაარსობრივი დებატები გამოქვეყნდა

ევროპული საქართველოს ორი გუნდი, რომელთაგან ერთის სიის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილია, ხოლო მეორის - გიგა ბოკერია, კრიტიკოსთა პანელისა და დარბაზის წინაშე შინაარსობრივ შეჯიბრს მართავს.

პოლიტიკური შოუ "ახალი რესპუბლიკა" 26 მაისს დაგეგმილ პრაიმერიზამდე გაგრძელდება. თითოეული გუნდი ცდილობს პარტიის ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ სწორედ ის შეძლებს საუკეთესოდ წარმოადგინოს მათი პოზიციები საქართველოს პარლამენტში.

პარტიამ შოუს პირველი სერია გამოაქვეყნა - სერიის თემა "ომი და მშვიდობაა".

კრიტიკოსთა პანელზე სამხედრო ჟურნალისტი უჩა ანაშიძე, პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია და გენერალი ვახტანგ კაპანაძე სხედან.

გუნდის ლიდერებმა დებატის დასაწყისში პრეზენტაციები წარადგინეს.

"ზოგადად, თუ გსურს სიტყვებს მნიშვნელობა დაუკარგო - ხშირად უნდა გაიმეოროო, ასეთი თეორია არსებობს და ამას ჰქვია ერთგვარი სემანტიკური ნაყროვანება. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონში ძალიან ბევრია ისეთი სიტყვა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს დაკარგული. თუმცა, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ერთი სიტყვა განსაკუთრებით დაწინაურდა, ეს სიტყვა არის - მშვიდობა. წარმატებით იყიდება ეს სიტყვა, სწორედ იმიტომ, რომ იმდენად ხშირად განმეორებადია, რომ მნიშვნელობა აქვს დაკარგული. სწორედ ამიტომ, ჩვენი, ევროპული საქართველოს მთავარი ამოცანა არის რომ ამ სიტყვას ჭეშმარიტი მნიშვნელობა დავუბრუნოთ. ჭეშმარიტება იმაშია, რომ შენ ვერ გექნება მშვიდობა თუ არ გაქვს თავისუფლება და სამართლიანობა. ამ პრინციპიდან ამოდის ევროპული საქართველო მშვიდობაზე საუბრისას. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რათა ამ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ რუსეთის მძევლობიდან, რადგან მძევლის მშვიდობაზე საუბარი არის უბრალოდ ვულგარული ტყუილი. ჩვენ უნდა შევდგეთ სამართლიან საზოგადოებად იმიტომ, რომ სადაც არ არის სამართლიანობა იქ არ არის მშვიდობა. ჩვენ ასევე უნდა დავამარცხოთ ჩვენი ძალიან მძიმე სენი - სიღატაკე. ეს მიგვაჩნია ჩვენ მშვიდობის უზრუნველყოფად და ჩვენი რეფორმებიც სწორედ ამ სამი პუნქტის შესრულებას ემსახურება.

თუმცა, დღეს ჩვენ მთავარი ფოკუსი გვექნება იმაზე თუ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ რუსეთის მძევლობისგან.

ევროპული საქართველოს ხედვა ემყარება შემდეგ პრინციპს - თუ გინდა მშვიდობა, მზად უნდა იყო ომისთვის. რას ნიშნავს ეს - ისეთი მზადყოფნა გვჭირდება, რომ ომი ვეღარავინ დაგვიწყოს. და ვინ შეიძლება ჩვენ ომი დაგვიწყოს - რუსეთმა. საქმე იმაშია, რომ როგორც არ უნდა გავწვრთნათ ჩვენი არმია, როგორც არ უნდა შევაიარაღოთ და როგორი კარგიც არ უნდა გავხადოთ, შეუძლებელია რომ რუსეთს ომი მოვუგოთ, ჩვენი ქვეყნის ზომიდან, მდებარეობიდან, გეოგრაფიიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია და მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთ, უალტერნატივო გზად მიგვაჩნია უსაფრთხოების მიმართულებით აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობა, რაც რეალურად უნდა გამოიხატოს ნატოს წევრობაში. ამიტომ, იმისთვის, რომ მშვიდობა უზრუნველვყოთ, მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ შევასრულოთ ყველა რეფორმა და გავაკეთოთ ყველაფერი რომ გავხდეთ ნატოს წევრი. აქ ჩვენ არ გამოგვადგება ის პასუხი თითქოს ნატოში არის ხალხი, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი. არასოდეს ჩვენი ისტორიის მანძილზე ასე ახლოს არ ვყოფილვართ ისტორიული მისიის შესრულებასთან და რამდენიმე სკეპტიკოსი არ არის საფუძველი იმისთვის, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ვალდებულებაზე იმისთვის, რომ ეს სკეპტიკოსები საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ.

რუსეთთან ომი მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებით და სამხედრო ომით არ მიმდინარეობს. რუსეთის ომი არის ჰიბრიდული და ის სამხედრო ოპერაციას მიმართავს უკიდურეს შემთხვევაში. სიტყვა ომს ერიდება, ის უკრაინაშიც სამხედრო ოპერაციას ეძახის. ძირითადად, ის ომს აწარმოებს ძირგამომთხრელი საქმიანობით. პირველ რიგში, ეს საქმიანობა გამოიხატება ფილტრაციით, იქნება ეს სამოქალაქო ელიტა, მედია, პოლიტიკური წრეები. მეორე არის სიძულვილის საფუძველზე შუღლის უზრუნველყოფით, იქნება ეს რელიგიურ ნიადაგზე, სექსუალური იდენტობის ნიადაგზე და ჩვენ ვხედავთ, ახლაც რა ხდება. რუსეთის ჰიბრიდული ომის მესამე კომპონენტი არის პროპაგანდა. რუსული პროპაგანდა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება: 1. ომის შიშის კულტივაცია; 2.სიღატაკის შიშის კულტივაცია; 3.იდენტობის დაკარგვის შიშის კულტივაცია. თავიდან ბოლომდე შიშებზე დგას აღნიშნული პროპაგანდა. ეს პროპაგანდა არ იქნებოდა ჩვენთვის ასეთი საშიში ჩვენთვის, რომ არა საქართველოს ხელისუფლება, რომლის რიტორიკის შინაარს და კომუნიკაციის მეთოდოლოგიას თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი იარაღი. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რეალურად საქართველოს ხელისუფლება ასრულებს რუსული პროპაგანდის საქმეს და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის ამ პროპაგანდასთან დაპირისპირებაა.

ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოვამზადეთ რეფორმა, რათა იმ საფრთხეებს ვუპასუხოთ, რაც ჩვენ გვაქვს. პირველი ეს არის აქტიური საგარეო პოლიტიკა ნატოს წევრობის მიმართულებით და ევროკავშირთან დაკავშირების პროცესში იმ საფეხურზე გადასვლა, სადაც დღეს მოლდოვა და უკრაინა არიან და საბოლოო ჯამში გაწევრიანება. ევროკავშირის წევრობას ჩვენთვის უსაფრთხოების კომპონენტი აქვს. ბევრი ევროკავშირის რეგულაცია არ მოგვწონს, მაგრამ ბუნებრივია, მომხრეები ვართ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები გავხდეთ პირველ რიგში სწორედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ამის გარდა, საფრთხეს წარმოადგენს ისლამური ტერორიზმი და ამ ყველაფერს როგორ ვუმკლავდებით. ჩვენ მოვამზადეთ უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სუს-ს შლის 6 დამოუკიდებელ უწყებად და გაილექებით მეტად ზრდის მის ეფექტიანობას. მთავარი, რა საკვირველია, არის ჯარის რეფორმა, უფრო კონკრეტულად საყოველთაო რეზერვის რეფორმა". - თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

გუნდის პრეზენტაცია წარადგინა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამაც.

"ქვეყნის, ერის ისტორიაში არის ხოლმე საკვანძო მომენტები, ისტორიის ფანჯრები და იმაზე თუ როგორ ფორმაში შეხვდება ქვეყანა ამ მომენტს დამოკიდებულია ხოლმე როგორ იცხოვრებენ თაობები ათწლეულების განმავლობაში.

ჩვენ გვაქვს ტრაგიკული ისტორიული გამოცდილება 1921 წლის პირველი რესპუბლიკის, როცა გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო ვერ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა და ამის ფასი გადავიხადეთ 70-წლიანი ჯოჯოხეთით, რეპრესიებით, საზოგადოების გატეხით და დღემდე ვიმკით ამის შედეგებს, მაშინ როცა ბალტიისპირელებმა შეძლეს შიდა მზაობის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მაშინ ერთი თაობის გაზრდა დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანაში და ამიტომ, ბევრად უფრო მზად შეხვდნენ ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის რღვევას. მეორე ფანჯარა ისტორიის იყო სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლისას, ოღონდ ამჯერად ჩვენი შიდა პოლიტიკური კატასტროფის გამო ხელიდან გავუშვით ეს შესაძლებლობა.

ჩვენი უზარმაზარი გამოწვევაა, რომ ახლა როცა უკრაინის მოვლენების გამო, დასავლეთსა და რუსეთს შორის კრიტიკულ ფაზაში შედის დაპირისპირება და ჩვენ გვწამს, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი დამარცხება, ჩვენ თუ ფორმაში არ ვიყავით კიდევ ერთხელ საბედისწეროდ გავუშვებთ ხელიდან შანსს, რომ თავისუფალი სამყაროს წევრი გავხდეთ და ამ ჭაობიდან გავიდეთ. ჩვენი გუნდის აზრით, უკრაინაში ომმა შეამცირა მყისიერი საფრთხე ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის, მაგრამ ეს მაინც ნომერ პირველი საფრთხეა. რუსეთს თავის არსენალში აქვს გარდა ფართომასშტაბიანისა, ლოკალური სამხედრო აგრესიის ინსტრუმენტიც, სახელმწიფო ტერორიზმის ინსტრუმენტი. ამ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის გამო, მას გაზრდილი აქვს შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ან ეთნო-რელიგიურ ნიადაგზე არეულობის და დაპირისპირების პროვოცირების - ეს მისი საყვარელი იარაღია.

ჩვენ აშკარად გვაქვს საფრთხე რელიგიური ფუნდამენტალიზმის და ტერორიზმის. ჩვენ ვნახეთ, სირიის ომის აქტიური ფაზის დროს აისისის გავლენის ზრდა, ჩვენ გვყავს რეგიონში ირანი - ყველაფერი ეს არის უზარმაზარი გამოწვევები. თუმცა, მთავარი გამოწვევა არის საზოგადოების დემორალიზაციის და დეზორიენტაციის საფრთხე. ამ საქმეში ჩვენ მტერთან ერთად თანამონაწილე არის სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა და მნიშვნელოვანწილად, ჩვენი საპატრიარქო. ამ ხალხს ძალიან მწყობრი და ეფექტური გზავნილები აქვს ომის შიშის გამოყენების, ეკონომიკური არგუმენტის და კულტურულ-რელიგიური იდენტობის არგუმენტის. ჩვენ თუ გვინდა ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ. თუ გვინდა რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ და მერე საზოგადოება შევკრათ, ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც ევროპული საქართველოს გარდა ოპონენტების უმრავლესობამ დაუშვა, როცა იძახდა, რომ უკრაინა ახლა უცბად მოიგებს ან ის, რომ ევროპა არ დაუშვებს საქართველოში სისხლისღვრას -ეს სულსწრაფი გზავნილები მერე მთავრობის პროპაგანდამ გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ საფრთხე რეალურია, არ მოვატყუოთ, მაგრამ უნდა ვუთხრათ მათ, რომ უმოქმედობა ზრდის მსხვერპლის ალბათობას და არ ამცირებს მას; არ არსებობს არც ერთი მაგალითი ქვეყნისა, ვინც დღევანდელ რუსეთთან დალაგდა და დღეს მშვიდობა აქვს და თავისუფლება. პირიქით, ვინც თანმიმდევრული იყო - ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთ - ისინი არიან დღეს დაცულები და წარმატებულები.

ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ამ დემაგოგიას ჩვენი დამფუძნებელი მამების - ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას გზავნილები, რომ ქართული არჩევანია ევროპული არჩევანი და რომ თავისუფლება და ტრადიციული ღირებულებები არანაირ წინააღმდეგობაში არ არის.

რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ უნდა გადავდგათ სწრაფი ნაბიჯები თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის ხარისხობრივად და რა თქმა უნდა, საგარეო მიმართულებით უნდა შემოვატრიალოთ ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ჩვენ ნატოს საკითხი და ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხი უნდა გავხადოთ ნომერ პირველ პრიორიტეტად. ქვეყნის შიგნით, რაც მთავარია, უსაფრთხოების სისტემის რეფორმით ეს სისტემა პოლიტიკური პოლიციის რეჟიმიდან გადავიყვანოთ და ვაქციოთ გარე მტრების და შიდა მტრების ინსტრუმენტად ისე, რომ პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლება არ დავაზიანოთ. მათ შორის, ფუნდამენტალიზმის, ტერორიზმის და რუსული გავლენის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ ის პოლიტიკა, რაც დღეს აქვს მთავრობას”. - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები