20 ივნისის პოლიტპატიმრები

ოპოზიცია და 20 ივნისის პატიმრების მშობლები თალაკვაძესთან მივიდნენ, შეხვედრა კილაძესთან იმართება

პარლამენტის დეპუტატები, ენმ-ს წევრი თინათინ ბოკუჩავა და ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების მშობლებთან ერთად პარლამენტში მივიდნენ არჩილ თალაკვაძესთან შესახვედრად. ისინი პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვენ, დეპუტატებს პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლისა და დაკავებულების მონახულების უფლება მისცეს. 

დეპუტატები პარლამენტში ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დედებთან ერთად მივიდნენ, სადაც ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, თუმცა დაკავებულთა მშობლებს ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ შენობაში. 

ბოკუჩავა ამბობს, რომ პოლიტპატიმრების მონახულების აკრძალვა კიდევ უფრო შემაშფოთებელია მაშინ, როცა ეს ადამიანები საუბრობენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება. 

"ბუდაღაშვილმა ღიად თქვა სასამართლოს სხდომაზე, რომ წამების ტოლფასი ზეწოლა ხორციელდება მასზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მისაცემად" - ამბობს თინა ბოკუჩავა ტაბულასთან საუბრისას. 

დეპუტატის აზრით, ამით პარლამენტის თავმჯდომარე ამ დანაშაულის თანამონაწილე ხდება. 

"ჩემი შვილი რომ დაიჭირეს, ბორკილდადებულს უმოწყალოდ ურტყამდნენ, დაზიანებები აქვს მიღებული მუხლზე, თვალზე და თავზე. მერე ყურთან სიმსივნური წარმონაქმნი გამოუვიდა, ციხეში გაუკეთებიათ ოპერაცია. მაინტერესებს, როგორ არის ჩემი შვილის მდგომარეობა, რაომე ცუდში ხომ არ გადაიზარდა?" - ამბობს ბესიკ თამლიანის დედა.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა კი ამბობს, რომ მის შვილი არაადამიანურ პირობებშია:

"გამოკეტილი ჰყავთ სამარტოო საკანში საშინელი ზეწოლის ქვეშ. რისთვის? ამის სათქმელად მოვედი პირველ რიგში"- აღნიშნავს ზურაბ ბუდაღაშვილის მშობელი. 

ლოდინის შემდეგ პოლიტპატიმრების მშობლები და დეპუტატები პარლამენტში შეუშვეს, სადაც მათ სოფიო კილაძე შეხვდა და ოთახში შეიყვანა. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

კომენტარები