მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი

ბოკერია: "ოცნების" მოტანილი წინადადების მიუხედავად, პროპორციულის მიღებამდე წნეხი გრძელდება

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მოლაპარაკების IV რაუნდზე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მომზადებული წინადადების მიუხედავად, წნეხი მანამ გაგრძელდება, სანამ უმრავლესობა დაპირებას არ შეასრულებს და არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება.

"ივანიშვილის გუნდი ჯერ ამბობდა, რომ მოლაპარაკებისთვის საჭიროება და შესაძლებლობა არ იყო, შემდეგ ამბობდა, განსახილველი არაფერია და არ შეიცვლებაო. ახლა ამბობენ, რომ რაღაც მოიტანეს, არ ვიცი, რა მოიტანეს. ფაქტია, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ არიან, რასაც იმსახურებენ. ეს წნეხი მანამ გაგრძელდება, სანამ ის შედეგი არ მიიღწევა, რასაც ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები დაჰპირდნენ საზოგადოებას გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ - ეს არის ჩვენი არჩევნების პროპორციულობა. ეს ის პირობაა, რაზეც შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას. თუ წინადადება მოიტანეს, შევხედავთ და ამის შესახებ მოვახსენებთ საზოგადოებას. იმისდა მიუხედავად, დღეს რა მოიტანეს, სანამ არ იქნება ეს ამოცანა მიღწეული, მანამ გაგრძელდება პროტესტი ქვეყნის შიგნით, იქნება საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის",-ამბობს გიგა ბოკერია. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, დღეს, 20 დეკემბერს ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდა. 

მოლაპარაკებების საგანი საარჩევნო სისტემა და ე.წ გერმანული მოდელია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მართალია შერეული, მაგრამ მრავალმანდატიანი, უფრო სამართლიანი წესით ჩატარებას გულისხმობს.

ოპოზიციის შეთავაზება ქართული ოცნებისთვის მიუღებელი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იუსტიციის მინისტრი ამბობდა, რომ მრავალმანდატიანი ოლქების პრინციპი "არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის" და საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება". 

თუმცა, იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, საუბრობს არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. 

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები