აშშ

2019 წელს ბიბლიოთეკებს მეტი ამერიკელი სტუმრობდა, ვიდრე კინოთეატრებს - GALLUP-ის კვლევა

Phantom Tale

2019 წელს ბიბლიოთეკებში უფრო მეტი ამერიკელი დადიოდა, ვიდრე კინოთეატრებში, სპორტულ მატჩებზე, მუზეუმებში, კონცერტებზე, სამორინეებსა და სხვა აქტივობებზე - ასეთია გლობალური ანალიტიკური კომპანიის GALLUP-ის კვლევის მონაცემები. 

მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდასრული ამერიკელები 2019 წელს საშუალოდ 10.5-ჯერ იყვნენ ბიბლიოთეკაში - ეს 2-ჯერ მეტია იმაზე, რამდენჯერაც ისინი საშუალოდ იყვნენ კინოთეატრებში. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, ზრდასრული ამერიკელები მუსიკალურ, თუ თეატრალურ ღონისძიებებზე და ეროვნულ, თუ ისტორიულ პარკში წლის განმავლობაში საშუალოდ, უხეში დათვლით, 4-ჯერ იყვნენ, მუზეუმებსა და სამორინეებში კი 2.5-ჯერ. გასართობ პარკებსა და ზოოპარკებში კი მათ ყველაზე ნაკლები დრო გაატარეს. 

კვლევა Gallup-ის მიერ 2-დან 15 დეკემბრის ჩათვლით 1 025 შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ზრდასრულ ადამიანთან სატელეფონო ინტერვიუების სახით ჩატარდა და ის იმ კვლევის განახლებაა, რომელიც მათმა კომპანიამ 2001 წელს ჩაატარა. 

Gallup-ის განცხადებით, ძველი კვლევის მიხედვითაც, ადამიანები უფრო ხშირად სტუმრობდნენ ბიბლიოთეკებს, ვიდრე კინოთეატრებს, თუმცა მათივე განცხადებით, ამ წლების განმავლობაში კინოთეატრებში ვიზიტი საგრძნობლად შემცირდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ციფრული აქტივობები ძალიან გავრცელდა - მათ შორის, ციფრული წიგნები, პოდკასტები, გასართობი სამაუწყებლო კომპანიები და თამაშები - ბიბლიოთეკები კვლავ რჩება ამერიკელებისთვის იმ ადგილად, რასაც ისინი საშუალოდ თვეში ერთხელ სტუმრობენ,"- წერია Gallup-ის ანგარიშში. 

Gallup-ის ანგარიშით, 18-დან 29 წლამდე ზრდასრული ადამიანები ბიბლიოთეკებში უფრო ხშირად დადიოდნენ, ვიდრე მათზე უფროსები, რისი მიზეზიც, მათივე განცხადებით, შესაძლოა, ის იყოს, რომ კოლეჯის სტუდენტები უფრო ხშირად დადიან ბიბლიოთეკებში სამეცადინოდ. 

კვლევის მიხედვიტ, ქალები ბიბლიოთეკაში 2-ჯერ უფრო მეტჯერ დადიოდნენ, ვიდრე კაცები და ისინი, ვისაც უფრო დაბალი შემოსავალი აქვთ, უფრო ხშირად იყენებდნენ ბიბლიოთეკას, ვიდრე მაღალშემოსავლიანი ზრდასრულები. 

კომენტარები