აშშ

რესპუბლიკელი სენატორი მით რომნი ტრამპის გადაყენებას მხარს დაუჭერს

USA Today

იუტას შტატის რესპუბლიკელი სენატორი მით რომნი აპირებს, რომ ტრამპის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო მის თანამდებობიდან მოხსნას მხარი დაუჭიროს. ამ შემთხვევაში, ის იქნება პირველი რესპუბლიკელი, რომელიც გასაყენებას ჩამოშორებას მხარს დაუჭერს. 

რომნიმ თავის სიტყვაში თქვა, რომ ტრამპმა საზოგადოების ნდობა ბოროტად გამოიყენა.

სენატორმა აღნიშნა, რომ მისი ხმა, სავარაუდოდ, იმპიჩმენტის პროცედურის შედეგს არ შეცვლიდა, თუმცა მან თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მისმა სინდისმა უბიძგა.

აშშ-ის სენატი ადგილობრივი დროით 16 საათზე კენჭს უყრის პრეზიდენტ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ტრამპის გადაყენებას სენატის 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება. სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ და უმეტესობა, დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

დონალდ ტრამპს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას ედავებიან.

ტრამპი აშშ-ის მესამე პრეზიდენტი გახდა, რომლის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. მანამდე კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა ენდრიუ ჯონსონს 1868 წელს და ბილ კლინტონს 1998 წელს, თუმცა ორივე მათგანი სენატმა გაამართლა. რიჩარდ ნიქსონი 1974 წელს კონგრესის მიერ მისი იმპიჩმენტის კენჭისყრამდე გადადგა.

ჯონსონისა და კლინტონისაგან განსხვავებით ტრამპს იმპიჩმენტი პრეზიდენტობის პირველი ვადისას გამოუცხადეს.

საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში კონგრესის წინაშე წარსდგნენ მოწმეები და ექსპერტები.

კონგრესში მოუსმინეს ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლენდს, უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელ კურტ ვოლკერს, უკრაინის ყოფილ ელჩს მარი ივანოვიჩს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, ფიონა ჰილს, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენმა, უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს ბილ ტეილორს და სხვა მოწმეებს.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები