ამერიკელი ლობისტები

კაპანაძე ლობისტების დაქირავებაზე: "ოცნების" საგარეო იმიჯს აღარაფერი უშველის

ტაბულა

"ქართული ოცნების საგარეო იმიჯს არაფერი აღარ უშველის" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე, მმართველი პარტიის მიერ აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავებას.

"ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა ლობისტური კომპანიები დაიქირავოს, თავისი საგარეო დესანტები გადასხას და 75 000 დოლარი კი არა, მილიონები რომ უხადოს თვეში, იქნება ეს ბიუჯეტიდან თუ ივანიშვილის პირადი ფული, არაფერი ქართული ოცნების საგარეო იმიჯს აღარ უშველის. სრული კონსესუსია ჩვენს პარტნიორებში - აშშ-ში, ევროპაში, ჩვენს უახლოეს მეგობრებში, რომ საქართველოში გვყავს ოლიგარქი",-ამბობს კაპანაძე მთავართან ინტერვიუში. 

გუშინ, 11 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ "ოცნებამ" აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანია, Hogan Lovells, დაიქირავა. ხელშეკრულება 30 იანვარს არის გაფორმებული და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.  

კომპანიის მიერ აშშ-ის FARA-ზე ატვირთული წერილი ბიძინა ივანიშვილს მიემართება. გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია მმართველ პარტიას აშშ-სთან ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებაში უნდა დაეხმაროს.

კომპანია ქართულ ოცნებას ადვოკატირებას გაუწევს აშშ-ის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან და გაუწევს კონსულტაციებს სტრატეგიის შემუშავებაში. 

Hogan Lovells-ის ყოველთვიური მომსახურების საფასური 75 000 დოლარია, "ოცნებამ" ის 2021 წლამდე დაიქირავა, რაც ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ლობისტური კომპანიის მომსახურებაში 900 ათას დოლარს დახარჯავს. 

2019 წელს საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურებაზე 2.7 მილიონი დოლარი დახარჯა. 

კომენტარები