აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის დირექტორი: [ჟურნალისტები] ყოველთვის საფრთხეებზე კივიან და წივიან

ბათუმელები

აჭარის ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ თანამშრომლები "ყოველთვის საფრთხეებზე კივიან და წივიან, ორგანიზაცია კი გამართულად უნდა მუშაობდეს".

"ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო", - თქვა კოხრეიძემ.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას", - ამ მოწოდებით ბათუმსა და ქუთაისში აჭარის ტელევიზიის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ხვალ, 17 თებერვალს აქცია თბილისშიც არის დაგეგმილი.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მათი სარედაქციო პოლიტიკისა და დამოუკიდებლობის შეცვლა სურს.

კოხრეიძე, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერშივე ეკამათა გადაცემის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს და მის მიმართ ხმასაც აუწია, ტელევიზიაში საშტატო განრიგის შეცვლას გეგმავს.

უქმდება დირექტორის მოადგილის შტატი.

მანამდე კი მაუწყებლის დირექტორმა მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა.

ასევე, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებს და რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.

ასევე, მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის ინფორმაციით, დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციოს უფროსზე შორენა ღლონტის მიმართ. საქმე 1 წლის წინანდელ გადაცემას ეხება, რომელიც NDI-სთან ერთად გაკეთდა. ამის თაობაზე დირექტორს მრჩეველმა, თამილა დოლიძემ მიმართა.

შიდა მონიტორინგის საფუძველზე იკვლევენ 26 დეკემბრის გადაცემაში გია ქარცივაძის სტუმრობის ამბავს და გადაცემის შინაარსს.

ასევე, ცდილობენ, მალხაზ რეხვიაშვილი ჩამოაშორონ გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანობას, რადგან ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსიც არის.

აჭარის ტელევიზიის ბორდი გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.

ბაკურიძის შეფასებით, არხის ხელმზღვანელობა დევნის ადამიანებს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

"დასკვნები თქვენთვის მომინდია, მაგრამ აბა ვინმე შემომედავოს, რომ ეს არაა დევნა, ცენზურა ან რედაქციაში უხეში ჩარევა. პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს", - დაწერა ბაკურიძემ ფეისბუქზე.

კომენტარები