კორონავირუსი

გამყრელიძე: საზღვრებზე კონტროლის პარალელურად, სამედიცინო ქსელი მზადაა გამოწვევას უპასუხოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში კორონავირუსის გამოვლენის ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდა, დაავადების სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელება იზრდება. ამირან გამყრელიძის თქმით, სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნებს პანდემიური მზადყოფნისკენ მოუწოდეს.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველომ შესაბამისი ზომები უკვე გაატარა.

"პანდემია არის, როცა დაავადების გავრცელება სცილდება ერთ ქვეყანას, ერთ კონტინენტს და მოედება ყველა ქვეყანას და ყველა კონტინენტს. ჩინეთში ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება, თუმცა დაავადება უფრო ვრცელდება, ამიტომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმი, რომელიც ჩვენ საქართველოში გამოვაცხადეთ წინა ორშაბათს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვაძლიერებთ საზღვრებზე კონტროლს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის შემოსვლა, მაგრამ ინფექცია შედის ყველაზე უფრო დაცულ ქვეყნებშიც. მეორე მომენტია მზადყოფნა სამედიცინო ქსელის, რათა გამოწვევას ადეკვატურად უპასუხოს. ეს არის საკარანტინო სივრცეების, შესაბამისი საავადმყოფოების, სამედიცინო პერსონალის და ა.შ. არსებობა. ყველა ეს საშუალება ქვეყანაში არსებობს, მიმდინარეობს მათი კიდევ უფრო შევსება", - აღნიშნავს ის.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არ იყოს პანიკა და მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიეწოდებოდეს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოში იყო 41 შემთხვევა, როცა სპეციალისტები არ გამორიცხავდნენ, რომ შეიძლება კორონავირუსი ყოფილიყო, თუმცა მხოლოდ ერთი დადასტურდა.

ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამ ტიპის სავარაუდო შემთხვევებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფექციური პროფილის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციურ სტაციონარები

ყველაზე მეტი დატვირთვა თბილისზე მოდის, იქ ამჟამად 10 ადამიანია. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მათ შორის 5-ის ანალიზების პასუხები დღეს, დღის განმავლობაში იქნება, ხუთი კი უკვე გადამოწმებულია და სწორედ მათ შორის არის ერთი ინფიცირებული.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ასეთი საქართველოში ამჟამად ორია: საჩხერეში და აბასთუმანში. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საჩხერეში ამჟამად 34 ადამიანია, სამი კი 14 დღით თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ანუ ისინი არიან თავიანთ სახლებში, შესაბამისი პირობების დაცვითა და მეთვალყურეობით. აბასთუმანში ამ ეტაპზე 16 ადამიანია, მათ შორის არიან ისინიც, ვისაც გუშინ არ დაუდასტურდა კორონავირუსი და გადაიყვანეს, ასევე, ისინი, ვინც პირდაპირ აეროპორტიდან მიიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდავის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა.

კომენტარები