კორონავირუსი

BBC: ირანული წყაროების მიხედვით, ირანში კორონავირუსით მინიმუმ 210 ადამიანი გარდაიცვალა

abc.net.au

ბრიტანული გამოცემა BBC ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანში ახალი კორონავირუსით, მინიმუმ, 210 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ოფიციალური თეირანის მიერ გავრცელებულ რიცხვს ბევრად აღემატება. 

ოფიციალური ირანის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსით ინფიცირების კი 245 შემთხვევა გამოვლინდა. 

ამასთან, გამოცემა Middle East Eye-ის ცნობით, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ჰარირჩის, კორონავირუსი აღმოაჩნდა. 

25 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თქვა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ირანი, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას მალავდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა. 

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებულად საქართველოში ორ ადამიანს აქვს - ერთი 50 წლის კაცია, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეორე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 40-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები