საარჩევნო სისტემა

ბოკერია: გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ დევნა და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ მათ შეიმუშავეს არსებითად ახალი მოდელი, რომელიც პროპორციული სისტემის იდენტურია და რომელიც აკმაყოფილებს ოპოზიციის 40%-ზე ზემოთ მხარდაჭერის პრინციპს. 

ბოკერიას თქმით, მთელი ოპოზიციური სპექტრი ვითარების ნორმალიზაციითაა დაინტერესებული, თუმცა ამას ორი ურთიერთდაკავშირებული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. 

"ერთია იმ პირობის შესრულება, რომელიც დაიდო ხალხის წინაშე დაღვრილი სისხლისა და გავრილოვის ღამის შემდეგ - არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მეორე ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება ციხიდან და რეპრესიების შეწყვეტა,"- თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის შეფასებით, ეს საკითხები გადასაჭრელად მარტივია, თუ კი იარსებებს ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, ნება. 

"ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ვერცერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენ ვერ დავინახეთ. ამაშია საქმე. მე მესმის, რომ მორალურად გატეხილები არიან და ეს აგონია ამის ნიშანია, თან უნდათ, რომ იქნებ ნაწილი მაინც მოატყუონ საზოგადოების აქ და ჩვენი პარტნიორები გარეთ, რომ რაღაც კომპრომისს ეძებენ. გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა ოცნებამ ვითარების განსამუხტად თავად შესთავაზა ოპოზიციას პარტიულ სიასა და მაჟორიტარებს შორის პროპორციის ცვლილება, ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ გუნდს შესთავაზეს ამის საუკეთესო ვარიანტი. 

"130 პროპორციული სიით, 20 - მაჟორიტარულით. მარტივია, ხო? კიდევ ერთხელ იმ უტიფარ სისულელეს თუ გაიმეორებენ, რომ მაჟორიტარები ამბოხებულები არიანო, ეგრე ახლა ყველანაირი სისულელის თქმა შეიძლება. გადადგან ეს ნაბიჯები, მდგომარეობა განიმუხტება და მერე დაელოდონ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას არჩევნებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მათი მარცხი,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

1 მარტს ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც მთავარი საკითხი საარჩევნო სისტემა და ოპოზიციისთვის შეთავაზებული მოდელი იყო. მმართველი გუნდის ლიდერები ახალი შეთავაზების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც კობახიძისვე თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, თქმით კი, ამ დროისთვის "ოპოზიციის მეორე ნაწილსა" და ხელისუფლებას შორის შეთანხმება "ობიექტურად შესაძლებელია", ხოლო იმ პარტიას, რომელიც ამ შეთანხმებას "ხელს შეუშლის" საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოუწევს ამ გადაწყვეტილების ახსნა. 

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. 

ქართული ოცნების მიერ ამ დრომდე შეთავაზებული ორი მოდელიდან (საჯაროდ ნათქვამი 100/50-ზე და შეხვედრაზე ნათქვამი 110/40-ზე) ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ 40%-ის პრინციპს. 

კომენტარები