კორონავირუსი

ქვეყნის მასშტაბით ინფექციურ საავადმყოფოებში 41 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი - 117

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ინფექციურ საავადმყოფოებში 41 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი 117.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებულ 41 ადამიანს შორის არის ის სამი პირიც, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება კარანტინს, 85 ადამიანმა საიზოლაციო სივრცეები უკვე დატოვა, თუმცა მათ ნაწილს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

ამირან გოგიტიძემ აეროპორტებში გამოყენებულ სპეციალურ ზომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მგზავრების შემოწმება ქვეყანაში არსებულ ყველა საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს, იქნება ეს დისტანციური თერმომეტრი თუ თერმოსკრინინგის სპეციალური საშუალება, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისის აეროპორტშია.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ პროცედურის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს მაღალი ტემპერატურა უფიქსირდება, მას ადგილზე მობილიზებულ სპეციალისტებთან ამისამართებენ, საეჭვო შემთხვევაში კი, მგზავრი ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამირან გოგიტიძის განმარტებით, ეს სპეციალური ტრანსპორტით ხდება, რომელიც შესაბამისად აღჭურვილია და შემდგომ, რისკის ქვეშ მყოფ შენობებთან ერთად, დეზინფექცია უტარდება.

გარდა ამისა, აეროპორტებში განთავსებულია კარვებიც, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი.

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი რეკავს ცხელ ხაზზე და ამბობს, რომ ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან ან რისკის მქონე ქვეყნებში ნამყოფ პირთან, ხდება შემთხვევის იდენტიფიცირება და ექიმები ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით გადიან.

ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახებების რაოდენობის ზრდა ამ ეტაპზე უმნიშვნელოა და ამის მიზეზიც, ძირითადად, სეზონური გრიპია.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები