კორონავირუსი

კორონავირუსი - მერია ხალხმრავლობასთან დაკავშირებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს

თბილისის მერია

კახა კალაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის მერია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს, რომელიც დაკავშირებულია ხალხმრავლობასთან. ამის გამო, 13 მარტიდან, თბილისის მუნიციპალიტეტი შეზღუდავს მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღებას და უფასო იურიდიული დახმარების გაწევას.

"ასევე, მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა, დისტანციურად მუშაობის, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში გამოცხადება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელფასებზე არ აისახება" - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ.

ასეთებია:

  • თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები);
  • პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები;
  • თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები;
  • დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები;
  • შეიზღუდება ასევე, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულება. ამ კუთხით, მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვისცენტრში.

"ამასთან, მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის, მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას.

დასასრულს აღვნიშნავ იმასაც, რომ თუ ვირუსის მართვის კუთხით დადგა გარკვეული საჭიროება, მუნიციპალიტეტი მზადაა, გაატაროს დამატებითი ღონისძიებები. ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი მოქალაქეების ვირუსის გავრცელების რისკისგან დასაცავად და რა თქმა უნდა, ყველა ერთად, აუცილებლად შევძლებთ მსოფლიოს ამ გამოწვევის ღირსეულად ვუპასუხოთ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად" - თქვა თბილისის მერმა ბრიფინგზე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. 12 მარტს საქართველოს მთავრობამ საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი გაამკაცრა. პრემიერის თქმით, 14-დღიან კარანტინს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან ჩამოსული მგზავრებიც გაივლიან. აქამდე ეს რეჟიმი მოქმედებდა ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან ჩამოსული ადამიანებისთვის.

საქართველოში პირველ აპრილამდე სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ყველა კერძო და საჯარო დაწესებულებაში.

კომენტარები