უზენაესის თავმჯდომარე

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს უსმენენ

პარლამენტი

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, 17 მარტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს უსმენენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები არ ესწრებიან, ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ სანამ შეთანხმების ის ნაწილი არ შესრულდება, სადაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეა საუბარი, საპარლამენტო საქმიანობას არ დაუბრუნდებიან. თუმცა დღეს ერთ გამონაკლისს დაუშვებენ და საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, კანდიდატს პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს. მის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 

იუსტიციის საბჭომ უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე 10 მარტს წარადგინა. მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე საბჭოს 4-მა წევრმა წარადგინა, მათ შორის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ. სხდომაზე მხოლოდ მის კანდიდატურას უყარეს კენჭი.

ქადაგიძე გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელიც მან 2018 წლის დეკემბერში წარმოადგინა და რომელსაც პროტესტი მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტურია - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

კომენტარები