კორონავირუსი

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 17 მარტს იძულებით კარანტინში 28 პირი გადაიყვანეს

Reuters

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო იძულებით კარანტინში 17 მარტს კიდევ 28 პირი გადაიყვანეს. 

"თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი", - წერია განცხადებაში. 

ჯამში, საკარანტინო ზონაში იძულებით 99 ადამიანია გადაყვანილი. 

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები