ოლგა კურილენკო

ოლგა კურილენკო კორონავირუსისგან განიკურნა

Entertainment Tonight

ოლგა კურილენკო ახალი კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას თავად მსახიობი Instagram-ის გვერდზე ავრცელებს.

"სრულიად ჯანმრთელი ვარ. ავად ყოფნის შესახებ: პირველი კვირის განმავლობაში თავს ცუდად ვგრძნობდი, დროის დიდ ნაწილს ლოგინში ვატარებდი, მეძინა, მაღალი სიცხე და თავის ტკივილი მქონდა. მეორე კვირას სიცხე გაქრა, მაგრამ ხველება და სისუსტე მაწუხებდა. დილაობით ახლაც მახველებს, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი წესრიგშია. ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, რომელსაც შვილთან ერთად ვატარებ,"-წერს კურილენკო.

23 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 356,605 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 103,128 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 15,437.

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან 8 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები