კორონავირუსი საქართველოში

თსსუ-ის კლინიკაში ახალი კორონავირუსის ნიშნებით მარნეულიდან 9 დღის ბავშვი გადაიყვანეს

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსის ნიშნებით მარნეულიდან 9 დღის ბავშვი გადაიყვანეს. 

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის, თქმით, ახალშობილის ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. 

"გუშინ გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით, ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში,"- ამბობს რატიანი. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა. აქტიური 63 შემთხვევიდან ერთი მარნეულელ ქალს უკავშირდება, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. 

სწორედ ამ პაციენტის გამო გამოცხადდა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. 

60 წელს გადაცილებულ მარნეულელ ქალს კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, “რაოდენობა კიდევ უფრო მეტია”. ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ეს მეოთხეული გადაცემის პირველი შემთხვევაა, რაც შიდა გავრცელებას გულისხმობს - ქალი ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს, თუ ვისგან შეიძლებოდა გადასდებოდა ინფექცია. 

ვრცლად ამ პაციენტის ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები