კორონავირუსი

მიკროავტობუსით მგზავრების გადაყვანისთვის 5 მძღოლი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოავლინეს. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, 96 მოქალაქე დააჯარიმეს საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დააჯარიმეს 5 პირი, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე - 13 პირი. გარდა ამისა, 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დააჯარიმეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი ადმინისტრაციულად, 3
000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის:

  • აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება;
  • იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება;
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა;
  • დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე
  • აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.

აღსანიშნავია, რომ ათ პირზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა არ შეეხო ეკლესიას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საჯარო ღვთისმსახურებებს არ წყვეტს და მხოლოდ დისტანციის რეკომენდაციით შემოიფარგლება. კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადასვლის მიხედავად, უცვლელი რჩება ერთი კოვზით ზიარების წესიც.

კომენტარები