ქართველი ამომრჩევლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ჰაკერულ საიტზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ბაზა 4,9 მილიონი ამომრჩევლის პირად მონაცემებს შეიცავს - მათ შორის მისამართს, პირად ნომერს, დაბადების თარიღსა და მობილური ტელეფონის ნომერს. ბაზის ნაწილს გარდაცვლილი მოქალაქეები შეადგენენ.
ინფორმაცია გამოცემა zdnet-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვა კომპანიამ Under the Breach აღმოაჩინა და zdnet-ს მიაწოდა. მონაცემთა ბაზა 4 934 863 ადამიანის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
ტაბულა დაუკავშირდა ცესკოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჯერჯერობით არც ერთ უწყებაში მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცესკოს ვებ-გვერდი ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3.7 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა ერთი მესამედი არასრულწლოვანია და არჩევნებში არ მონაწილეობს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.