აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

ტრამპი: ბერნის ხალხი რესპუბლიკურ პარტიაში უნდა მოვიდეს

დონალდ ტრამპი
Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიიდან დემოკრატი ბერნი სანდერსის გამოთიშვას გამოეხმაურა და "მისი ხალხი" რესპუბლიკურ პარტიაში დაპატიჟა.

ტრამპის თქმით, რომ არა კიდევ ერთი დემოკრატი კანდიდატი ელიზაბეტ უორენი, ბერნი სანდერსი გასულ თვეში ე.წ. "სუპერ სამშაბათს" თითქმის ყველა შტატს მოიგებდა. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დემოკრატებს და დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს სურდათ, ისევე, როგორც "კრიმინალი ჰილარის ფიასკო." 

ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშება. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში მხოლოდ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარჩა.

ბოლო მონაცემებით ბაიდენს 1,217 დელეგატი ჰყავდა, ბერნი სანდერსს - 914. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებოდათ.

კორონავირუსის გამო აშშ-ის რამდენიმე შტატში, სადაც პრაიმერი აპრილის თვეში იყო დაგეგმილი, ხმის მიცემა ივნისამდე გადაიდო, ზოგ შემთხვევაში კი საფოსტო სისტემაზე გადავიდნენ. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა 7 აპრილს პრაიმერი ჩატარდა ვისკონსინის შტატში, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია.

17 მარტს სამ შტატში გამართულ პრაიმერში განცდილი მარცხის შემდეგ ბერნი სანდერსის კამპანიის მენეჯერმა თქვა, რომ ვერმონტის სენატორი საკუთარ კამპანიას შეაფასებდა და სხვადასხვა შესაძლებლობას საკუთარ მხარდამჭერებთან განიხილავდა. სანდერსი ფლორიდის, ილინოისის და არიზონას შტატებში გამართულ პრაიმერში ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

ბაიდენმა სანდერსის ამომრჩევლებს მიმართა მხარი მას დაუჭირონ:

"ნება მომეცით მოგმართოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც სენატორმა სანდერსმა შთააგონა, მე მესმის თქვენი, ვიცი, რა არის სასწორზე, ვიცი რა უნდა გავაკეთოთ."

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში. 16 მარტს გამართულ დებატებში ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებდა.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის მებრძოლი სხვა კანდიდატები სანდერსს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში მკვეთრად მემარცხენე პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ. 2016 წელის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სანდერსი დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

კომენტარები