კორონავირუსი თურქეთში

თურქეთის 31 დიდ ქალაქში ორდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, პარასკევი ღამიდან მოყოლებული კვირა ღამემდე ქვეყნის 31 დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ამ ქალაქებს შორისაა სტამბოლი და ანკარაც.

გადაწყვეტილება თურქეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის მატებას მოსდევს. გარდა ამისა, შაბათ-კვირას კარგი ამინდი იყო ნავარაუდევი, რაც აჩენდა რისკს, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდოდა სახლიდან.

თურქეთში აქამდე საყოველთაო კარანტინი არ იყო გამოცხადებული, თუმცა 20 წლამდე და 65 წელს ზემოთ მოქალაქეები, მთავრობის ბრძანებით, სახლებში უნდა დარჩენილიყვნენ.

სკოლები, კაფეები და სილამაზის სალონები თურქეთში ამჟამად დაკეტილია, თუმცა ბიზნესების ნაწილი კვლავ ღიაა და ადამიანები აგრძელებენ სამსახურში სიარულს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 47 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. 2400-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 1006 კი გარდაიცვალა - აქედან 98 ბოლო 24 საათში.

 

კომენტარები