საგანგებო მდგომარეობა

ბაქრაძე: საგანგებოს გაგრძელებასთან ერთად მთავრობამ ეკონომიკური გეგმა უნდა წარმოადგინოს

დავით ბაქრაძე
ტაბულა

21 აპრილს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება. გაგრძელდება, თუ არა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ჯერჯერობით უცნობია. ამ თემაზე დღეს, სავარაუდოდ, პარალმენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებენ ეკონომიკის მიმართულებით.

ევროპული საქართველის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პარტია მხარს დაუჭერს სამედიცინო კარანტინის ყველა იმ ზომას, რაც აუცილებელია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად, თუმცა, მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ბევრად მეტ და მძიმე შეზღუდვებს, რაც ეკონომიკაზე უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს. 

"ამიტომ, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა, რას აპირებს ეკონომიკაში. არა აბსტრაქტულად პოსტ-კრიზისულ პერიოდზე, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ, კონკრეტულად, აპრილში რის გაკეთებას აპირებს, როგორ ეხმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, სოციალურად ყველაზე გაჭირვებულებს, როგორ ეხმარება ბიზნესს", - ამბობს ბაქრაძე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული. ასევე მოქმედებს თითქმის საყოველთაო კარანტინი.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი.

აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება, დახურულია ყველა სავაჭრო დაწესებულება, გარდა საკვებისა და აფთიაქებისა, დაწესებულია შეზღუდვები ონლაინ ვაჭრობაზეც. 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები